პირადად ვიცნობ გიორგი გახარიას და ის ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დავეჩაგრეთ სისტემას - „აიპლუსის" დამფუძნებელი
„ეს არის სიგნალი ყველა ბიზნესმენისადმი, რომ ასე უზამენ, თუ იქნებიან თავისუფლები. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი შეშფოთება და პროტესტი იმ მოვლენებზე, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში Apple-ის სმარტფონებისა და კომპიუტერების იმპორტიორი კომპანია "აიპლუსის" დამფუძნებელი მამუკა მაღრიშვილი წერს, რითიც თიბისი ბანკის დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი შეშფოთება და პროტესტი იმ მოვლენებზე, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება!

არასოდეს მომწონდა თბს ბანკი და ხაზარაძე (ალბათ იმიტომ, რომ არ დატოვა თავისუფალი სივრცე ბიზნესში, რასაც არ დაეუფლა, რადგან კარგად იცის ყველა ბიზნესის შიდა სამზარეულო, როდესაც კრედიტებს გასცემს და ყველა მომგებიან ბიზნესში ჩაყო ფეხი, ანუ არაკეთილსინდისიერად მოიპოვა ინფორმაცია და შემდეგ მისთვის უფასო და ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებული, თანამედროვე დემოკრატიულ ცხოვრებაში რაცაა - „ინფორმაცია“, არაკეთილსინდისიერად გამოიყენა), მაგრამ რაც დღეს ხდება მის მიმართ, ეს არის ბევრად უფრო დიდი ბოროტება!

ხაზარაძის ქმედებას ბიზნესის კუთხით აქვს გამართლება, მაგრამ ხელისუფლების ქმედებას - არა!

ეს არის სიგნალი ყველა ბიზნესმენისადმი, რომ ასე უზამენ, თუ იქნებიან თავისუფლები და დამოუკიდებლები, ძალიან ცუდი სიგნალი და ჩემი უმეტესობისადმი ცნობილი თავგადასავალისა და შემთხვევის მქონე ბიზნესმენისათვის უკიდურესად აღმაშფოთებელი!

პირადად ვიცნობ ბატონ გიორგი გახარიას და ეჭვი არ მეპარება მის პატიოსნებაში და კეთილსინდისიერებაში, ვაფასებ მის გვერდით დგომას, მაშინ, როდესაც ჩვენ უსამართლოდ გვექცეოდნენ და გვჩაგრავდა ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი!

მაშინ გახარია ჯერ ბიზნესომბუდსმენი და შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი იყო და მართლა ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დავეჩაგრეთ სისტემას. რა მოუვიდა არ ვიცი, მგონია ეხლა სხვა ადამიანი მოქმედებს!

მიმაჩნია, რომ დღეს იგი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებებს!

მგონია, რომ დიქტატურა მყარდება ქვეყანაში, იმედია ვცდები და მთლად ასე ცუდად არაა საქმე როგორც მგონია !

ხელისუფლებას ვთხოვ, ნუ დაკარგავს მორალურ უპირატესობას წინა სასტიკ რეჟიმთან მიმართებაში ბოლომდე და წინა სასტიკ რეჟიმს ნუ გაუთანაბრდება, დადგნენ ემოციებზე მაღლა და იყვნენ უფრო ჭკვიანები!

დღეს პარლამენტის შენობის დაკავება არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას და გთხოვთ თავადვე ნუ ამცირებთ სახელმწიფოს და ქვეყანას და საკუთარ თავს! აღარაა ის ქაოსი, რაც ადრე იყო, რომ პარლამენტის ცარიელ კედლებში შესვლა ქვეყნის გადატრიალებას ნიშნავდეს!

თუ ხელისუფლებას გადაატრიალებს რაიმე, ისევ მისი ეს ემოციური და გაუთვალისწინებელი, ნაჩქარევი, აფექტური და დაუფიქრებელი ქმედებები!

პატივისცემით, ჩვენი ქვეყნის საოცრად მოყვარული და კეთილისმსურველი." - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ასევე, მათ საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე, საქართველოს დატოვება აეკრძალათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

თარიღი: 2019/07/27