თბილისის ზღვის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 7 პირი პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

თარიღი: 2019/08/06