რატომ ინარჩუნებს „მართვის აკადემია“ მოწინავე პოზიციებს საგანმანათლებლო ბაზარზე - ტრენინგები, რომლებიც ბიზნესის ყველა რგოლს სჭირდება
თეორია + პრაქტიკული მაგალითები - სოკოებივით მომრავლებული სასწავლო ცენტრები მსმენელებს განვითარებული ქვეყნების სტანდარტების მიხედვით შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს,  საზღვარგარეთ აპრობირებულ პრაქტიკულ მაგალითებს და სფეროს „გურუების“ მიერ დაწერილ თეორიულ მასალებს სთავაზობენ. თუმცა არაფორმალური განათლების ამ „კოზირს“, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად, დროის მცირე მონაკვეთსაც მოიცავს, ქართულ რეალობას იშვიათად არგებენ. ძალიან მცირეა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც კონკრეტულ მეთოდებს  თვითონვე ტესტავენ და ბოლოს მსმენელებს ამ სახით, ანუ კონკრეტულ ქართულ მაგალითებზე დაყრდნობით აწვდიან. ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე „მართვის აკადემია“ წარმოადგენს.

ეს იყო 2011 წელს

ჯერ შრომითი ბაზარი შეისწავლეს - მოთხოვნას მიწოდება შეუსაბამეს, კონკრეტული მიმართულებით კადრების დეფიციტი დააფიქსირეს და  ჩართულობის საჭიროებაც დაინახეს. სანდრო ჯეჯელავამ, ვანო ნადირაძემ და მაია მიქაშავიძემ საკუთარ თავზე რთული მისია აიღეს და მენეჯმენტის მართვის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა გადაწყვიტეს. ცოტა ხანში კი დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს, მიწოდების შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარების მიმართულებით, საქართველოსა და ქართველ მენეჯერებზე ორიენტირებული საინტერესო ტრენინგები შესთავაზეს.  

ვანო ნადირაძე, „მართვის აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:  პირველი პროდუქტი, რაც „მართვის აკადემიის“ ეგიდით შევქმენით, პროექტის მართვის ტრენინგი იყო. თავდაპირველად ფართიც არ გვქონდა, „ფრონტ ლაინთან“ ვთანამშრომლობდით და იქ ვიღებდით მსმენელებს. შემდეგ გავფართოვდით და აქ გადმოვედით. ბაზარზე 2011 წლიდან ვარსებობთ და უნდა ითქვას, რომ დაარსების დღიდან საკმაოდ წარმატებულად ვმოღვაწეობთ. თავდაპირველად აქცენტი მენეჯერებზე გავაკეთეთ, თუმცა... მოგვიანებით სტრატეგია შევცვალეთ და დღეს გადაწყვეტილებების მიმღები ნებისმიერი პირია ჩვენი ორიენტირი. შესაძლებელია, მას დაქვემდებარებული გუნდი არ ჰყავდეს, მაგრამ პასუხისმგებელი იყოს რაღაც კონკრეტულ პროექტზე და... ამიტომ ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიად დღეს სწორედ ასეთი ხალხი ვაქციეთ. თანდათან მიემატა ტრენინგებიც. დღეს, დაახლოებით, 12 სახის ტრენინგი გვაქვს. არის ღია ჯგუფებისთვის და არის კორპორატიული კლიენტებისთვის. გვაქვს ისეთი ტრენინგებიც, რომელზეც, შეიძლება, ინტენსიური მოთხოვნა არ იყოს, მაგრამ საჭირო იყოს თანამედროვე რეალობისთვის. როდესაც  ამ მიმართულებით ჯგუფები იქმნება, ეს ტრენინგებიც აქტიურდება. 

ქეთი ტყავაძე, „მართვის აკადემიის“ თავმჯდომარე: მოკლედ ვიტყვი, რატომ ვარსებობთ და რას ვაკეთებთ. ჩვენი მისია არის ის, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ პირს დავეხმაროთ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში, ყოველდღიურობაში რაღაც ხელსაწყოები შევაშველოთ ამისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ვართ არა შპს ან რომელიმე სხვა ტიპის ორგანიზაცია, არამედ არასამეწარმეო იურიდიული პირი. თქვენ იცით, რომ ასეთი ორგანიზაციები იქმნება იმისთვის, რომ მოიპოვონ გრანტები. ჩვენ კი ამ მიმართულებით საერთოდ არ ვმუშაობთ. დამოკიდებულები ვართ ტრენინგებზე, ესაა ჩვენი შემოსავალი. ძირითადი მიზანი, თუ რატომ  ავირჩიეთ ეს ფორმა, არის ის, რომ მოგება მთლიანად უნდა  ჩავაბრუნოთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გამოვიყენოთ დარგის განვითარებისთვის. ძალიან გვინდა, რომ გადაწყვეტილებების მიმღები პირები იყვნენ კვალიფიციურები და საერთაშორისო დონის შესაბამისები, რადგან თითოეული კომპანიის და ზოგადად, ქვეყნის წარმატება სწორედ მათზეა დამოკიდებული. მათ უნდა „წასწიონ“ წინ ორგანიზაციაც და ქვეყანაც.

ვანო ნადირაძე:  თავდაპირველად, გვინდოდა, „მართვის აკადემია“ სოციალურ საწარმოდ გვექცია, მაგრამ შესაბამისი იურიდიული ფორმა ვერ მოიძებნა ამისთვის. ამიტომაც დღეს არის ა(ა)იპ. ეს კი, როგორც უკვე ქალბატონმა ქეთიმ განმარტა, იმას ნიშნავს, რომ დივიდენდი არ მიდის არცერთი დამფუძნებლის ჯიბეში და სრულად იხარჯება დარგის განვითარებისთვის.

ქეთი ტყავაძე:  აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი დამკვეთების 30 პროცენტი არის სახელმწიფო სექტორი, 60 - კერძო და დაახლოებით, 10% - არასამთავრობო. ანუ ჩვენ ყველგან ვართ გადანაწილებულები.



 

კომფორტული აუდიტორიები, გასართობი და სასადილო ოთახები, ორი მოსახერხებელი  ვერანდა მწეველებისთვის (ან არამწეველებისთვის), საინტერესო, ინტერაქტიული ტრენინგები ე.წ. „კოფე-ბრეიქებით“ და შაბათის ორიგინალური „სადილით“. „მართვის აკადემიაში“ ხუმრობენ, თუ ტრენინგ-ცენტრს დავხურავთ, არანაკლებად წარმატებულ რესტორანს გავხსნითო, თუმცა...

 



ვანო ნადირაძე: ჯერჯერობით ტრენინგები უფრო გამოგვდის... საინტერესოა მუშაობის მთლიანი პროცესი. ვადგენთ ტრენინგებს, რომელსაც მერე ყოველ ჯერზე ვაუმჯობესებთ. რაღაცას ვცვლით, რაღაცას ვავითარებთ და ა.შ. ვაწყობთ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არასდროს ვატარებთ ტრენინგს ტრენინგითვის. აუცილებლად ვინტერესდებით შედეგებითაც. ყველა ჩვენგანი აძლევს მონაწილეს ტელეფონის ნომერს და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას და კომუნიკაციაც ნარჩუნდება წლების განმავლობაში. თუ რაიმე ტიპის კითხვა გაუჩნდებათ, რაღაც პრობლემები შეექმნებათ, მუდმივად არიან კავშირზე. მეგობრობენ ერთმანეთშიც. დადიან ერთად ექსკურსიებზე, ხვდებიან გასართობ დაწესებულებებში და ა.შ. ჩვენც ვართ მათ შორის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.  სწორად ვარჩევთ ჯგუფებს. ყველა მონაწილეს აქვს მდიდარი გამოცდილება და ჩვენ მიერ შეთავაზებულ მეთოდოლოგიასაც მარტივად ნერგავენ უკვე საკუთარ, არსებულ პროექტებში, არგებენ საკუთარ თავს და იმ რეალობას, რომელშიც უწევთ მოღვაწეობა. შემდეგ ამ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. როდესაც შედეგებზე სასაუბროდ ვეპატიჟებით, შესაბამისი კითხვა-პასუხების ან კონკრეტული აქტივობების შედეგად ვარკვევთ, სად გაამართლა მეთოდმა, ვინ, რა და როგორ დანერგა, რა დაბრკოლებებს წააწყდა, რა პროცესები გაიარა და რა შედეგამდე მივიდა. ეს გვაძლევს საშუალებას, უკეთესად დავგეგმოთ მომავალი ტრენინგი. ასე რომ, მსგავსი შეხვედრები მარტო მათთვის არაა კარგი, ჩვენც ძალიან გვეხმარება.



ქეთი ტყავაძე: როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართვის აკადემიის პირველი ტრენინგი იყო პროექტის მართვა. აქ ვიყავით ერთ-ერთი პიონერები და მინდა, ცოტა მეტი ვილაპარაკო ამ მიმართულებაზე. არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალ), რომელსაც გასცემს PMI (პროექტების მართვის ინსტიტუტი) - რომელიც თავის მხრივ მსოფლიო მასშტაბით ადგენს პროექტების მართვის სტანდარტებს. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია ოფიციალური გამოცდის ჩაბარება. ჩვენს ყველა ტრენერს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, აქვს ეს სერტიფიკატი. ჩვენ ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ პირებს ამ სერტიფიკატის აღებაში. წელიწადში ერთხელ ჩამოდის მოწვეული სპეციალისტი უცხოეთიდან, რომელიც ასწავლის მსმენელებს, როგორ უნდა მოიქცნენ ამ გამოცდაზე და როგორ უნდა აიღონ სერტიფიკატი. ეს არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული დოკუმენტი. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მის მფლობელს, რომ მართოს ნებისმიერი ზომის, მასშტაბის და სეგმენტის პროექტი. ასეთი ტრენინგი უკვე ჩაუტარდა 30-მდე ადამიანს და ნახევარზე მეტმა უკვე აიღო სერტიფიკატი.

დრომ მოიტანა და გარდა ამ კლასიკური პროექტის მართვისა, გაჩნდა მოთხოვნა სხვა,  ინოვაციური ტიპის პროექტებზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც წინასწარ არ იცი, საბოლოოდ, რა შედეგს მიაღწევ. მაგალითად, თუ სახლის პროექტი გაქვს შედგენილი და ზუსტად იცი, რა უნდა მიიღო, დაგჭირდება კლასიკური პროექტის მართვა - სათითაო ფანჯარა, კარი რომ დაგეგმო და კედლები ააშენო. თანამედროვე პროექტები კი ცოტა სახეცვლილი ვარიანტია. იწყებ პროექტს და არ იცი, რა შედეგზე გახვალ. მაგალითად, აკეთებ აპლიკაციას, მაგრამ არ იცი, რამ და როგორ უნდა იმუშაოს. ასეთი ინოვაციური პროექტებისთვის არსებობს Agile მეთოდოლოგია. ესეც მოიტანა ბაზრის მოთხოვნამ. როგორც კი ასეთი ტიპის ტრენინგები „გამოვაგორეთ“ მაშინვე წამოვიდა „ბუმი“ ორგანიზაციებიდან.

ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა ბევრი ახალი ტრენინგიც შევთავაზეთ ჩვენს მსმენელს. იქნება ეს ბიზნეს ანალიტიკა, ადამიანური რესურსების მართვა თუ სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა ტრენერი, რომელიც  საკუთარი მიმართულებით კითხულობს ტრენინგს, არის ამ სფეროს პროფესიონალი. არცერთი ჩვენგანი არ ასწავლის არავის არაფერს, თუ ის თვითონ არ აქვს დანერგილი პრაქტიკაში. ანუ ჩვენ მიერ შეთავაზებული მასალა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თეორია. აქ არაა საუბარი შინაარსობრივ სხვაობაზე, საუბარია იმ მაგალითებზე, რომელიც წარმატებულია საქართველოში. ამერიკაში დანერგილი წარმატებული მეთოდოლოგია თუ არ ამართლებს საქართველოში, ბუნებრივია, ამას არავინ არავის ასწავლის.



ვანო ნადირაძე: დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვა-პასუხსაც. ამ დროს იკვეთება მსმენელის ინტერესი და საჭიროება, ასევე პრობლემები, რომლის გადასაჭრელადაც  მომართა აკადემიას, ბუნებრივია, ჩვენც აქედან გამომდინარე ვცვლით მიმართულებებს. 

ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, იცით? ტრენინგის შემდეგ ხომ ამბობენ, „აუ, რა მაგარი იყოო“, მაგრამ ვერ ამბობენ, სად, რა  და როგორ გამოიყენეს. ჩვენ გვინდა, რომ ისიც თქვან, „რა მაგარი იყოო“ და ისიც თქვან, როგორ გამოიყენეს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი ძალიან ეფექტურად დავგეგმოთ. თუ ვხედავთ, რომ კონკრეტული პირისთვის ეს ტრენინგი არის უსარგებლო, მას დიდი ბოდიშის მოხდით ვეუბნებით უარს. ტრენინგს დიდი ჯგუფებისთვის არც ვაკეთებთ. საშუალოდ 10-15 კაცი გვყავს (მინიმუმია 8, მაქსიმუმი კი - 18).

ქეთი ტყავაძე: იდეალური ვარიანტი 12-დან 15-მდეა. ასე აკონტროლებ ყველას. ინარჩუნებ ვიზუალურ კონტაქტს. თუ რომელიმემ მოიწყინა და თვალი გაექცა, მაგალითად, ტელეფონისკენ, მაშინვე უსვამ კითხვას, რთავ აქტივობებში და ა.შ. ამას ვერ ახერხებ, თუ ხალხი ბევრია. რაც შეეხება მცირე რაოდენობას, ესეც ვერ ამართლებს. ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთში მსჯელობენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ჩვენ გვაქვს, მაგალითად, ასეთი მიდგომა. ტრენინგები არ არის ერთმანეთის მიყოლებით. ან კვირაში ორჯერაა სამ-სამი საათი, ან კვირაში ერთხელ, შაბათობით ტარდება დილის ათიდან ექვს საათამდე. თავისი შესვენებებით. და რატომ? თითოეული ტრენინგი ეხება კონკრეტულ საკითხს, რომლის დანერგვაც უნდა მოასწროს მსმენელმა. თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ აზრი არ აქვს. შეუძლებელია, ერთხელ მიაწოდო 15 მეთოდი და უცებ დაინერგოს ყველაფერი პრაქტიკაში. შეგვიძლია დარწმუნებითაც ვთქვათ, რომ ასეთ შემთხვევაში, ის სულ არ დანერგავს არაფერს. ჩვენ ვატარებთ ტრენინგს და შემდეგ ვაძლევთ რამდენიმე დღეს ან/და ერთ კვირას, რომ ნასწავლი დაინერგოს პრაქტიკაში, მომდევნო შეხვედრაზე კი მან უკვე კონკრეტული წინააღმდეგობების შესახებ უნდა გვიამბობს. თეორიულად ყველაფერი თითქოს წესრიგშია ახსნის მომენტში, მაგრამ პრაქტიკაში კონკრეტული სირთულეები იქმნება მაინც. აი, ამაზე უნდა განვაგრძოთ მსჯელობა მომდევნო ტრენინგზე. როდესაც, მაგალითად, ერთი რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მან წარმატებულად დანერგა კონკრეტული მეთოდი საკუთარ ორგანიზაციაში, მეორე უსმენს და ფიქრობს, იქნებ, ჩემს შემთხვევაშიც გაამართლოს და უნდა ვცადო. მესამე, რომელიც გვიხსნის, რომ ვერაფერი დანერგა, იმიტომ, რომ ვერ მოასწრო, მომდევნო ჯერზე იგივე პასუხით აღარ მოდის, სხვა პასუხისმგებლობა უჩნდება. ყველაფერს ამას კი საბოლოოდ კარგი შედეგი მოაქვს.



ვანო ნადირაძე:  რაც შეეხება ბაზრის კვლევას, აქ სამი კომპონენტია გასათვალისწინებელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ჩვენი ტრენერი არის პრაქტიკოსი, რომელიც ჯერ თვითონ ნერგავს კონკრეტულ მეთოდებს და შემდეგ აწვდის სხვას უკვე პრაქტიკული მაგალითებით.  სულ 15 კაციანი გუნდი ვართ ჯამში, რომლებიც პერიოდულად ვიკრიბებით და ვაწყობთ „ბრეინ შტორმინგებს“, ვყრით ახალ იდეებს, ვაანალიზებთ მოთხოვნებს და ა.შ. მეორე მხრივ, დავდივართ ორგანიზაციებში და ვეკითხებით, რა საჭიროებებს ხედავენ ბაზარზე და სად იკვეთება პრობლემები. ხოლო მესამე წყარო არიან თვითონ ტრენინგის მონაწილეები. ნაკადიდან ნაკადამდე ყოველთვის იცვლება შინაარსი მათი კითხვებიდან, მოქმედებებიდან, შედეგებიდან გამომდინარე.

ქეთი ტყავაძე: საინტერესოა, რა მიაქვს ხალხს ტრენინგებიდან? ერთი, რომ მიაქვს პრაქტიკაზე დაფუძნებული თეორიული ცოდნა, მეორე - ტრენერებისა და ტრენინგის მონაწილეების დიდი პრაქტიკული გამოცდილება და მესამე - ურთიერთობები, რაც ასევე, ვფიქრობ, ძალიან მნიშნველოვანია.

ჩვენ ვაწვდით ქეისებს, რომლებსაც მოდიფიკაცია სჭირდება. ის ჯერ თავის თავს უნდა მოარგონ, შემდეგ - რეალობას. ვეუბნებით, - თუ თვლით, რომ კონკრეტული ქეისი თქვენს რეალობაში არ იმუშავებს, უნდა გვითხრათ და ა.შ.  

ვანო ნადირაძე: ზოგადად, მეთოდოლოგია იმიტომ არსებობს, რომ კონკრეტული წესები და ჩარჩოები გვანახოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წესების და ჩარჩოების რღვევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მეთოდი ასე მუშაობს, ასეთია პრაქტიკაში, მაგრამ თუ კონკრეტულად შენზე არ იმუშავებს, მაშინ, მოდით და სხვა გზა მოვძებნოთ, ვინც აქ მოდის, ყველას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება და გაუმჯობესება უნდა საკუთარი გზით.

ქეთი ტყავაძე:  გარდა იმისა, ვიცით ბაზრის მოთხოვნები, გვყავს მაღალკვალიფიციური ტრენერები, გვაქვს სწორად დაგეგმილი ტრენინგები და ვარჩევთ სწორ აუდიტორიას, კიდევ რა არის იცით, ჩვენი წარმატების საიდუმლო? გვაქვს ვიწრო ფოკუსი. ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს მომხმარებელს წარმატებისთვის და პირდაპირ მტკივნეულ ადგილებზე ვაწვდით მალამოებს.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ გვაქვს ვიდეოკონტენტიც, რომელიც ატვირთულია ჩვენს იუთუბის არხზე და დაინტერესებულ პირს საშუალება ეძლევა, ნახოს 10-15 წუთიანი ვიდეოტრენინგები. ბუნებრივია, ვცდილობთ, ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ინტერნეტკონტენტი. რამდენიმე ხნის წინ გავაკეთეთ ანიმაციური ტრენინგიც. ეს მიმართულება ძალიან გვაინტერესებს და ვეძებთ პარტნიორებსაც, თუმცა... საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა და სამწუხაროდ, ჯერ დიდი რაოდენობით ვერ გვაქვს წარმოდგენილი. სხვათა შორის, უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ 5 წუთიან ანიმაციურ ვიდეორგოლს წარმატებულ შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, კარგად გამოიყენებთ.

იხ. ვიდეო

 

 

თარიღი: 2018/07/23